4 იანვარი, 2008 წელი     


                   

                 მიხეილ მახარაძე საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

ბათუმის დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი იმ ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა, რომლებსაც ერთიანი საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სასცენო სამოსი საჩუქრად გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში სასცენო ფორმა  აჭარაში მოქმედ 24 ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლის 700-მდე მოცეკვავესა და მომღერალს  გადაეცა.

საახალწლო კონცერტის მონაწილეებს და მაყურებელს დამდეგი ახალი წელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  მიულოცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

”ყოველი ერი თავისი კულტურული ღირებულებებით ფასდება. მე ვარ ამაყი, რომ გვაქვს ასეთი კულტურული ტრადიციები და ფოლკლორული ღირებულებები. ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა მთელ მსოფლიოშია აღიარებული და მას უნდა გავუფრთხილდეთ. მიხარია, რომ მთავრობის ინიციატივით ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა და ამ ეტაპისთვის 24 ანსამბლი შეიმოსა. წინასაახალწლოდ და წინასაარჩევნოდ გადაჭედილი დარბაზი თავისთავად მეტყველებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული მოქალაქე კულტურულ ღირებულებებს” - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელება 2005 წელს დაიწყო. იგი 2008 წელსაც გაგრძელდება და მის ფარგლებში მუსიკალურ და კულტურულ ცენტრებს მალე ინსტრუმენტები გადაეცემათ.

 

                                                                                                                                 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება