უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ტრაბზონის გუბერნატორი და მეჯლისის თავმჯდომარე მიიღო
დღეს, ბათუმს, თურქეთის რესპუბლიკის ტრაბზონის გუბერნიიდან ოცკაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაციაში ტრაბზონის გუბერნატორისა და მეჯლისის თავმჯდომარის გარდა, განათლების, ტურიზმისა და სპორტის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები შედიოდნენ. სტუმრები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო. თურქული მხარე აჭარაში მიმდინარე მშენებლობებით და სანაპირო ზოლში მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოებით დაინტერესდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ მახარაძე და აჰმეთ ასლანოღლუ უმაღლესი საბჭოსა და ტრაბზონის მეჯლისის არჩევნებისა და მთავრობის დაკომპლექტების წესებსაც გაეცვნენ.
- თურქული მხარე დაინტერესდა, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში, როგორ ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ტრაბზონის მოსახლეობას. ეს ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას. ძირითადად ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე -აღნიშნა მიხეილ მახარაძემ შეხვედრის შემდეგ.
ტრაბზონის დელეგაცია აჭარიდან დღესვე გაემგზავრა.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება