ფენდიქის მერიის წარმომადგენლობითი დელეგაცია უმაღლეს საბჭოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტამბოლის ფენდიქის მერი ეროლ ქაია და სხვა ოფიციალური პირები მიიღო. დელეგაციაში რიზესა და ართვინის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. მიხეილ მახარაძესთან შეხვედრაზე სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე. ფენდიქის მერმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად და წარმატებით ჩატარება მიულოცა. ეროლ ქაია მერიის უფლება-მოვალეობებით, მუშაობის პრინციპებით და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მერიასთან თანამშრომლობით დაინტერესდა.
„ბატონმა ეროლ ქაიამ ყურადღება გაამახვილა მერიის დამოუკიდებლობაზე, მაგრამ როცა მერიასთან ჩვენი თანამშრომლობის ფორმები და თვითმმართველობის ორგანოს ფუნქციები გავაცანით, აღმოჩნდა, რომ აქ ეს პრობლემა არ არსებობს და სტუმარი კმაყოფილი დარჩა. ვისაუბრეთ ასევე კულუტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე, რასაც ჩვენ მივესალმებით. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენი ურთიერთობები გასცდა ართვინის, რიზეს და ტრაბზონის ფარგლებს და სტამბოლის ერთ-ერთი ნახევარმილიონიანი რაიონის მერიის წარმომადგენლები გვეწვივნენ, ძალიან მნიშვნელოვანია “- აღნიშნა მიხეილ მახარაძემ.
დღესვე სტამბოლის ფენდიქის მერიის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი თავართქილაძეს შეხვდნენ.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება