უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ართვინიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო
დღეს მიხეილ მახარაძემ ართვინის გუბერნატორი ჯენგიზ აიდოდუ, სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე. ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მარადიდსა და მაჭახელაში სასაზღვრო გამშვები პუნქტები გაიხსნება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართველი და თურქი ხალხის დაახლოებას. სასაზღვრო გამშვები პუნქტები ოქტომბერ-ნოემბერში ამოქმედდება. მანამდე კი თურქული მხარე მარადიდსა და მაჭახელაში გზების შეკეთებას გეგმავს.
„მეზობელი ქვეყნის კეთილგანწყობა აშკარაა. თვით ის ფაქტი, რომ მეზობელი რეგიონის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია გვეწვია საკურორტო სეზონის დაწყების წინ, ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტის კონსტატირება, რომ ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის აღარ არის სავიზო რეჟიმი და მიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დაუბრკოლებლად ხდება, ვფიქრობ, სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
შეხვედარაზე მხარეებმა საპასუხო ვიზიტზეც ისაუბრეს. უახლოეს დღეებში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა კორპუსი ართვინში გაემგზავრება.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება