მიხეილ მახარაძე ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ელჩს გეერტ არენსს შეხვდა
აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ეუთოს/დიაუბის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR Election Observation Mission) ელჩს გეერტ არენსს შეხვდა. შეხვედრაზე 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ არენსს აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების, საარჩევნო უბნების და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატთა რაოდენობა გააცნო. თავის მხრივ, ბატონმა არენსმა მიხეილ მახარაძეს არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის შემადგენლობა გააცნო და მისიის ძირითად ამოცანებზე ესაუბრა.
,,საქართველოს ხელისუფლებას სურვილი აქვს, გაიზიაროს დასავლეთის გამოცდილება და იაროს დემოკრატიის გზით. ჩვენ ორგანიზაციას სთხოვეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება და სიამოვნებით მივიღეთ ეს მოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული პრინციპების დაცვით“,- განაცხადა გეერტ არენსმა.
,,ბატონ ელჩს აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საკითხი: რამდენად თანასწორ პირობებში უწევთ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, არიან თუ არა წარმოდგენილნი მმართველი პარტიის სიით წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, აქტივისტები, რა მდგომარეობაა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, მიღებული ინფორმაციით ბატონი არენსი კმაყოფილი დარჩა“- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ.
ეუთოს წარმომადგენლები აჭარას გუშინ ეწვივნენ. ისინი შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებsaც.
გეერტ არენსი სენაკს, ქუთაისს და გორსაც ეწვევა. დამკვირვებელთა მისიის წევრები აჭარას 5 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ დატოვებენ.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება