3 აპრილი, 2009 წელი


  

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მეჩის ლაურინკუსი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ მახარაძემ და დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ამ მიზნით მეჩის ლაურინკუსმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლიტვაში მიიწვია.

”ბატონმა ელჩმა აჭარის რეგიონთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ჩვენ ვისაუბრეთ მეცნიერულ სფეროზე და ურთიერთობების ამ მიმართულებით გაღრმავებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია მოხდეს ორი ქვეყნის მეცნიერების შეხვედრები როგორც ლიტვაში, ასევე საქართველოში. დაიგეგმა ლიტვაში ჩემი ვიზიტი. ორ სახელმწიფოს შორის მსგავსი ურთიერთობების ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს” - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აჭარაში ორ დღეს დარჩება. ხვალ მეჩის ლაურინკუსი მაღალმთიან აჭარას ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ხულოს რაიონის მოსახლეობასთან.

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება