19 ნოემბერი, 2008 წელი


 

მიხეილ მახარაძე ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების I ევრაზიულ კონგრესს დაესწრო

 

15-16 ნოემბერს თურქეთის ქ. სტამბულში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების პირველი ევრაზიული კონგრესი ჩატარდა.  კონგრესის ჩასატარებლად სტამბული, როგორც ევროპისა და აზიის შეხვედრის ადგილი სიმბოლურად შეირჩა. 28 ქვეყნის 350-მდე წარმომადგენელი ბოსფორის სრუტესთან მდებარე სტამბოლის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეიკრიბა. ორი დღის განმავლობაში ისინი დეცენტრალიზაციის საკითხებზე, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლბაზე, მათი უფლებების გაფართოებასა და ფინანსური წყაროებით უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.

კონგრესზე მიწვეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ მახარაძე 16 ნოემბრის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივ ხელისუფლებასა და თვითმმართველ ორგანოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

”ძალიან  მრავალრიცხოვანი დელეგაციებია წარმოდგენილი კონგრესზე. რაც მთავარია, აქ იყო განხილული საკითხები ადგილობრივ მმართველობებთან და ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან საყურადღებო იყო მუნიციპალიტეტებთან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დამოკიდებულების კუთხით წარმოჩენის საკითხები. ჩვენც ამაზე გავამახვილეთ ჩვენს გამოსვლაში ყურადღება. სხვადასხვა გამოსვლებში აღსანიშნავი იყო ის, თუ რომელ ქვეყანაში რა დონეებზეა ეს დამოკიდებულება და რამდენად დამოუკიდებელნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობები” - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

კონგრესზე ხაზი გაესვა როგორც ურბანიზაციისა და ფიზიკური გარდაქმნების, ასევე სოციალური პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ არსებული ურბანისტული კრიზისების და ბუნებრივი კატაკლიზმების მოსახლეობაზე გავლენის შემცირებისთვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სჭირდებათ უფლებამოსილების გაფართოება და ფინანსური წყაროებით უზრუნველყოფა; თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა გააუმჯობესონ მუშაობა მოსახლეობაზე მომსახურეობის კუთხით. დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობის, კოლექტიურობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას აღნიშნულ ორგანოებში.

რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების მისამართით კონგრსეში მონაწილე ევრაზიის სხვადასხვა რეგიონების აკადემიკოსებსაც ჰქონდათ.

კონგრესზე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამოცდილების ბაზაზე უნდა მოხდეს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და იდეალური პლატფორმის ჩამოყალიბება.  ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მსგავსი პატარა რეგიონების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში მათი განვითარებისა და დემოკრატიულობის ხარისხის გასაძლირებლად ძალიან მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობები მუდმივად განვითარებადი ორგანოებია და ამ კუთხით რეფორმები სისტემატურად უნდა მიმდინარეობდეს.

კონგრესზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც საუბარია სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე თვითმმართველი ერთეულების ნაკლოვან მხარეებსა და მათი გაუმჯობესების გზებზე. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების კონგრესი ტრადიციული გახდება და იგი სისტემატურად ჩატარდება.


 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება