22 იანვარი, 2009 წელი


 

მიხეილ მახარაძე საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გეორგიოს სურლასს შეხვდა

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საბერძნეთის ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

მიხეილ მახარაძისა და საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გეორგიოს სურლასის და საბერძნეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.  

შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ”საბერძნეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია”. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების გზებზე.

”ჩვენ განვიხილეთ სამომავლო გეგმები. ზაფხულში დაგეგმილია გემი ”არგოს” შემოსვლა ბათუმისა და ფოთის პორტებში. მოგეხსენებათ ”არგოს მოგზაურობა ცოტა შეფერხდა, მაგრამ გვჯერა, რომ ზაფხულში წარმატებით დასრულდება. ასევე ვგეგმავთ მასშტაბური კონფერენციის ჩატარებას, რომელიც ბათუმში გაიმართება”-განაცხადა მიხელ მახარაძემ შეხვედრის შემდეგ.

საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ”საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას”.  გეორგიოს სურლასის განცხადებით, ”საბერძნეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის”.

საქართველოსა და საბერძნეთის პარლამენტები და კულტურის სამინისტროები დასახულ გეგმებს ერთობლივად განახორციელებენ.

საბერძნეთის პარლამენტის წარმომადგენლები ბათუმს გუშინ ეწვივნენ. სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ მათი მოლოდინი გამართლდა. სტუმრების თქმით, რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ამ დარგის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

საბერძნეთის დელეგაციის წევრები ფოთშიც გამართავენ შეხვედრებს. ისინი საქართველოს დღეს დატოვებენ.

 

 

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება