29 იანვარი, 2008 წელი
მიხეილ მახარაძემ აჭარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ქ. იალტის დელეგაცია მიიღო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ უკრაინის ქ. იალტის დელეგაციას შეხვდა.
მიხეილ მახარაძემ, იალტის მერმა სერგეი ბრაიკომ და დელეგაციის სხვა წევრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზღვაო ქალაქებს შორის სანაოსნო ურთიერთობებზე.
მიხეილ მახარაძის განცხადებით, არის პერსპექტივა, რომ მომავალი წლიდან აჭარიდან ციტრუსის ექსპორტირება უკრაინაში, ქ. იალტაში შავი ზღვით მოხდეს.
”საშუამავლო გზებით რატომ უნდა იყოს ამ პროდუქციის მიწოდება. უფრო უნდა გავაიოლოთ მოგზაურობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ისტორიულად ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ უშუალო შეხება არ გვაქვს. ზღვა გვაქვს საერთო, ამიტომ აქცენტი არის გადატანილი შავ ზღვაზე, საუბარია ახლო მომავალში ჩარტერული რეისების დაწესებაზე იალტასა და ბათუმს შორის, იალტაში სავაჭრო სახლ ”ბათუმის” გახსნაზე” - აღნიშნა მიხეილ მახარაძემ შეხვედრის შემდეგ.
ქ. იალტის წარმომადგენლებმა ქ.ბათუმის მერიასთან გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრეს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.
იალტის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ბათუმიდან ხვალ გაემგზავრებიან.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება