29 სექტემბერი, 2008 წელი
მიხეილ მახარაძე ”შავი ზღვის ევრორეგიონების” ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აჭარა შავი ზღვის ევრორეგიონების გაერთიანების წევრი გახდა. ახალი ევროსტრუქტურის დაფუძნების ცერემონია 26 სექტემბერს, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართა.
ევრორეგიონი შავი ზღვის აუზის 16 რეგიონს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი პრინციპი სწორედ რეგიონულ მთავრობებს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაა, რაც თავისთავად განაპირობებს სახელწიფოებრივი პოტენციალის გაძლიერებას.
კონფერენციის დაფუძნების იდეა ევროსაბჭოს რეგიონული კომიტეტის კონგრესს ეკუთვნის.
საქართველოს ვარნის კონფერენციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია და საქართველოს პარლამენტის წევრები წარმოადგენდნენ.
შავი ზღვის ევრორეგიონის პრეზიდენტად ქალაქ კონსტანცის მერი გამოცხადდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე და ქალაქ ვარნის მერი კირილ იორდანოვი აირჩიეს.
ისინი ევრორეგიონის 16 წევრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ კონფერენციაში, რომელზეც ევრორეგიონის შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული პრიორიტეტები განისაზღვრება.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება