03 მაისი

      პრესა ყველა დროსა და ეპოქაში იყო და არის საზოგადოებრივი აზრის გამოვლენის, ფორმირების საუკეთესო საშუალება, თითოეული ქვეყნის, სახელმწიფოს დემოკრატიის ერთგული დარაჯი. მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისთვის ოპერატიულად, ობიექტურად მიწოდება მედიასაშუალებების მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სწორედ ამიტომ, თავისუფლების ხარისხი, რომლითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივი პრობლემები შუქდება, როგორც წესი, თითოეული ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელია, ვინაიდან ის სიტყვის, აზრის თავისუფალი გამოთქმის უფლებაზეა დაფუძნებული.
საზოგადოებას უფლება აქვს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია არსებულ რეალობასა და მიმდინარე მოვლენებზე, რაც საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად, ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. ხშირად, სულ მცირე ინფორმაციის უკან მედიის წარმომადგენლების ურთულესი, თავდაუზოგავი და რუტინული შრომა დგას. სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვქონდა ისეთი მაგალითებიც, როდესაც რეპორტიორები იღუპებოდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, თუმცა გადარჩენილი მათი კოლეგები, აგრძელებდნენ დაწყებულ საქმეს და საზოგადოებას აწვდიდნენ შეუფერადებელ ინფორმაციას. 
მიუხედავად სირთულეებისა, ქართულმა მედიასაშუალებებმა, სახელმწიფოსთან ერთად შეძლეს და განვლეს უმნიშვნელოვანესი გზა თავისუფლებისკენ. თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს მონაპოვარს და გისურვებთ წარმატებებს.

პატივისცემით,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
დავით გაბაიძე