14 მაისი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ანგარიში უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონმდებლები ანგარიშს უახლოეს პლენარილ სხდომაზე მოისმენენ.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომისიებში განსახილველად ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები.

      ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორორბის საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც  ბიუროს სხდომაზე ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.