16 მაისი

                 

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბრანდებურგის (გერმანია) ფედერალური მხარის რეგიონული პარლამენტის, ლანდტაგის ოფიციალური დელეგაციის შეხვედრებს დაესწრნენ.

     ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტს ბრიტა შტარკს, ვიცე-პრეზიდენტს დიტერ დომბროვსკის, ლანდტაგში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლებს 16 მაისს ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს ბათუმის პოტენციალი, სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებები და ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

    ქალაქის მერმა „ბრანდენბურგ-საქართველოს ურთიერთობის საზოგადოების“  თავმჯდომარის მოადგილეს იენს ულმანს, საქართველო-გერმანიასა და ბათუმი-ბრანდენბურგს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

     გერმანელ სტუმრებს გულითადად უმასპინძლეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ და უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გაცვლითი პროგრამების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    იმავე დღეს ბრანდენბურგის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა აჭარის ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაშიც. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.

    გერმანელი კანონმდებლების ვიზიტი აჭარაში 17 მაისს დასრულდება.