I კვარტლის ანგარიში და ცვლილებები ბიუჯეტში

23 მაისი

                  

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

       სხდომაზე, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - რუსუდან შავიშვილი და ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდნენ, კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, 20 მილიონ ლარზე მეტით იზრდება ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი, ამასთან, გადანაცვლებებია შიდასაბიუჯეტო მუხლებში, იზრდება ცალკეული უწყებებისა და მუნიციპალიტეტების დაფინანსება, რაც ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება.

     სხდომაზე თანამოხსენებით წარსდგა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 1 062 686 ლარით იზრდება და ნამატი თანხა „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“, „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მოსახურების“, „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“, ასევე „მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა“ და „შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამებზე გადანაწილდება.

      მინისტრებმა უპასუხეს კანონმდებლების შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. კომისიამ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.

     დღის წესრიგის მეორე საკითხი -  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა სხდომაზე ასევე რამაზ ბოლქვაძემ და ზაალ მიქელაძემ წარმოადგინეს.

   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კომისიის წევრებს ბიუჯეტის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები და მიმართულებები გააცნო, ასევე ისაუბრა დაწყებულ და მიმდინარე პროექტებზე.

    ძირითადი მაჩვენებლები წარმოადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაც. ზაალ მიქელაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში უწყების პროგრამებით 5 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მომხსენებლის განმარტებით, წელს სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 33 პროგრამას განახორციელებს.

      კომისიამ მინისტრების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.