24 მაისი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ამავე კომისიის წევრები - ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს არჩილ ხახუტაიშვილს, პროექტების მენეჯერს ნინო ხაჩიძესა  და „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს მერი ჩენდლერს შეხვდნენ.

     სამუშაო შეხვედრაზე  კანონმდებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პატიმრებისა და მათი ოჯახების პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

     „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტზე - „ ყოფილი პატიმრების გაძლიერება“ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი განცხადებით, პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში, მათ შორის აჭარაში, ხორციელდება და 3-წლიანია.

     შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე, ასევე „პატიმრობის შესახებ“ კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებსა და პატიმრებისთვის ფასიანი კორესპონდენციების თაობაზე უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის მიერ შესაბამის უწყებებთან დაწყებულ კონსულტაციებზე.