28 მაისი

   

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის ხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. ძირითადი მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა ბიუჯეტის ცალკეულ პარამეტრებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, გარდამავალ ნაშთთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

   სხდომას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, მინისტრის მოადგილე რუსლან ქორიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ ბაგრატიონი ესწრებოდნენ. მათ ასევე უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს ჯიშთგანახლების მიზნით მოსახლეობის ნერგებით უზრუნველყოფის, ფაროსანასთან ბრძოლის და რიგ სხვა პროგრამებთან დაკავშირებით.

   ავთანდილ მესხიძის განცხადებით, რეგიონში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობის მიზნით 8 პროგრამა და მათში შემავალი 19 ქვეპროგრამა ხორციელდება. ბიუჯეტის ცვლილებების ფარგლებში კი მათ შორის ფინანსური რესურსი პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილდება.

    კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.