13 ივნისი

          

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ეთნოგრაფიულ გამოფენას დაესწრნენ.

       გამოფენა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვმა პრეზენტაციით გახსნა და საზოგადოებას ბულგარეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნო. ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა, 2018 წელს კი პირველად გახდა მისი თავმჯდომარე ქვეყანა.

      შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. დავით გაბაიძემ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

    ეთნოგრაფიულ გამოფენაზე, რომელიც 28 ივნისს დასრულდება, ალექსანდრე მიხაილოვის 25 ფოტოა გამოფენილი. ფოტოებზე ბულგარელი ხალხის ყოფა-ცხოვრება და ტრადიციებია ასახული.

       საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, ინიციატივის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისთვის ბულგარეთის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობაა.