ბელორუსი სპეციალისტები ქართულ კადრებს გადაამზადებენ

13 ივნისი

                

       აჭარის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსიაში გრძელდება. დელეგაციის ხელმძღვანელის - აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტი ჩვენს რეგიონში არსებული სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სპეციალისტებს გადაამზადებს.

       ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ მინსკში, სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტსა და აჭარაში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებს - „ბლექსი-სა“ და „ახალ ტალღას“, ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სწავლების სპეციალისტების გადამზადებასა და შემდგომში შესაბამისი პროგრამების დანერგვაში დახმარებას ითვალისწინებს.

     ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კანონი 2019  წლიდან დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აყვანას ავალდებულებს და  ისინი აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად უნდა გადამზადდნენ.

     -კანონიდან გამომდინარე, აუცილებელია  დაინერგოს შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების სასწავლო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების პროფესიული სასწავლო პროგრამები. ამდენად,  მინსკში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის საფუძველზე აჭარაში არსებული პროფესიული სასწავლებლები წინასწარ მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების ამოქმედებას და დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადებას შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტს 85-წლიანი გამოცდილება აქვს და ევროპის მასშტაბით, ის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ატომური ენერგიის სააგენტოსთან, ასევე „ESCA“ ევროკავშირის სახანძრო უსაფრთხოების კოლეჯების ასოციაციის წევრია, - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

  

 

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი