14 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივით, დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების აქცია გაიმართა.

  „აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი“ - ამ სლოგანით გამართული აქციით უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა - 14 ივნისი, დონორთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ისინი, სხვათა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, უანგაროდ გაღებული სისხლით დონორთა სიას ნებაყოფლობით შეუერთდნენ.

   მსგავსი აქციები საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია ტარდება და ტრადიციად დამკვიდრდა. ამჯერად სისხლის ბანკს საკანონმდებლო ორგანოს 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა ჩააბარა სისხლი.