უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის აპარატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

14 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

   -ეს იქნება თანამშრომლობა, რომელიც ეფექტურ, კოორდინირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას უზრუნველყოფს,- აღნიშნა დოკუმენტზე ხელმოწერის წინ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან, უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

   საკანონმდებლო ორგანოების აპარატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, მისმა მოადგილემ დავით გელაშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა.

   პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ისრაელის ქნესეთის, გერმანიის ბუნდესტაგისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების აპარატებთან ერთობლივი ღონისძიებები და მასში აჭარის უმაღლესი საბჭოც ჩაერთვება.

   მემორანდუმი, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსებმა - მაია ხაჯიშვილმა და გივი მიქანაძემ მოაწერეს ხელი, ორივე საკანონმდებლო ორგანოს აპარატებს შორის კანონშემოქმედებით სფეროში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობას, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში დაგეგმილ ტრენინგ-პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში  მონაწილეობას ითვალისწინებს.