21 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-16 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

   დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ, ბიუროს წევრებმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის წინადადებით, პატივი მიაგეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს ახლახან დაღუპული პოლიციის უფროსის ხსოვნას.

   ინფორმაცია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში განიხილება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

   გიორგი რომანაძემ ასევე წარმოადგინა მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შესახებ საკითხიც, რომელიც ბიურომ ცნობად მიიღო.  

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის საგაზაფხული სესიის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციით ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარსდგა.

   მომხსენებლის განცხადებით, საკმაოდ დატვირთული სესიის მთავარი მიღწევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქციის განხილვა, მისი მიღება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა იყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ერთგვარად შეაჯამა სესიის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და წარმოადგინა შესაბამისი სტატისტიკა.

   დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ინტენსიური მუშაობა რიგგარეშე სესიებზეც გაგრძელდება.

   ბიუროს სხდომით საგაზაფხულო სესია დაიხურა.