25 ივნისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ცოტნე ანანიძე, ხვიჩა შარაშიძე, გიორგი მანველიძე, ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე, ვახტანგ წულაძე მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის მე-10 ნავმისადგომთან შეკრებილ მეზღვაურებსა და მათი ოჯახის წევრებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.

    საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებს სამხრე კამერები გადასცეს და საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოეს შორეული ნაოსნობის აწ გარდაცვლილი, დამსახურებული და მოქმედი კაპიტნები, მეზღვაურები, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორ-მასწავლებლები, წარადგინეს საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO Maritime Ambasador-ის ელჩები.

    ღონისძიებების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურთა ხსოვნას და ტრადიციულად, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

    მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამჯერადაც გამოვლინდნენ სტიპენდიანტები - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის  - „ანრის“ წარჩინებული სტუდენტები, აქვე საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ აკადემიის წლევანდელ კურსდამთავრებულებს.

    მე-10 ნავმისადგომთან მიმდინარე ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის - „კადეტის“ საერთაშორისო ნაოსნობაში გაშვების ცერემონიალით დასრულდა, თუმცა  მრავალმხრივი საზეიმო ღონისძიებები ევროპის მოედანზე გაგრძელდა.

    მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 2010 წელს, მანილაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს დიპლომატიურ კონფერენციაზე დაწესდა და იგი ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან აღინიშნება.