26 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ქობულეთში, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში - „ახალი ტალღა“ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

    კონფერენცია სახელწოდებით - „ბელორუსიის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება და ახალი პროგრამის დანერგვა უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციებში“, ლადო მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აჭარის დელეგაციის მინსკში ახლახანს განხორციელებული ვიზიტის პირველი შედეგია. ბელორუსიაში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში გამართული ერთობლივი კონფერენციის მონაწილეები ბელორუსიის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო პროექტებსა და გამოცდილებას გაეცნენ.

   „საქართველოს შრომის უსაფრთხოების“ ახალ კანონზე, ქვეყანაში შრომის და, ზოგადად, სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებებსა და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე ბელორუსი სპეციალისტები კადრების გადამზადებაში დაგვეხმარებიან, შემდგომ ეტაპზე კი, ადგილობრივი სპეციალისტები, ბელორუს კოლეგებთან ერთად, ადგილზე შეიმუშავებენ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს.

   კონფერენციის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯების - „ახალი ტალღის“, „ბლექსისა“  და სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელებმა - ლაშა ხახუტაიშვილმა, გიორგი გოგიტიძემ და გიორგი მიქელაძემ მოაწერეს ხელი.