12 ივლისი

    ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - დავით მჭედლიშვილთან ერთად, კარიერის დასახლებაში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

   უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, კარიერის დასახლება ტურისტულ სეზონს კეთილმოწყობილი ქუჩებით შეხვდება. ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები და ტროტუარები. ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე დეკორატიულ ფილებს აგებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარია გათვალისწინებული.

   საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმავე დღეს მდინარე კინტრიშის კალაპოტის სამუშაოები დაათვალიერეს. გასწორხაზოვნების სამუშაოების პარალელურად, შესაბამისი სამსახურები მიმდებარე ტერიტორიასაც აწესრიგებენ, სანაპირო იწმინდება სარეველებისგან. პროექტის ფარგლებში ანალოგიური სამუშაოები იგეგმება მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნებისთვის. ამ მიზნით ქობულეთის ბიუჯეტიდან 35 924 ლარი დაიხარჯება.