19 ივლისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, აჭარის მთავრობის შემადგენლობის საკითხი განიხილეს.   

    საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ თორნიკე რიჟვაძესა და მის მიერ შერჩეულ მინისტრობის კანდიდატებს - ინგა შამილიშვილს, ზაალ მიქელაძეს, ტიტე აროშიძესა და ჯაბა ფუტკარაძეს მოუსმინეს.

   -ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება ჩვენი მთავარი ორიენტირი, იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ღირსეულად გაართმევს თავს რეგიონში არსებულ გამოწვევებს და გაამართლებს მოსახლეობის ნდობას, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მან კანონმდებლებთან აჭარის განვითარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა და  აქცენტი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გააკეთა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები.

   -თანმიმდევრული, თუმცა მყისიერი სიახლეები და ცვლილებები, პირველ ეტაპზე მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და ამავე დროს პროცესების გრძელვადიან ჭრილში მართვა, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

    თავმჯდომარეობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ პოლიტიკაზე, განათლების სფეროს გაძლიერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

    მომხსენებელმა სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია მართველობის პრინციპებსა და მართვის ეფექტიანობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი.

   -მაღალი კომპეტენციის ფარგლებში, გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვით შევქმნით: ადამიანზე ორიენტირებულ ღია მმართველობას, სადაც დაცული იქნება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, შევქმნით ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების პირობებს. ჩვენი უმთავრესი პრინციპი - რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელი ბიზნესიდეების მხარდაჭერა და მეორეს მხრივ, ამ სფეროში სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პრინციპების კიდევ უფრო ეფექტურად გატარება იქნება. რეგიონის პოტენციის სრული გამოყენებით და ტურიზმის გამრავალფეროვნებით აჭარა წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი გახდება. მაღალმთიანი აჭარა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა იქნება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. მთას აქვს განვითარების დიდი რესურსი და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის ეფექტურ ათვისებას. ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში შევეცდებით მათი ინოვაციური იდეების, ენერგიის კონსოლიდაციას რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ერთობლივი მუშაობის შედეგად, აჭარა კიდევ უფრო  საინტერესო და მიმზიდველი გახდება, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

    სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ორჯერ გამოცხადდა შესვენება. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა კანონმდებელთა 60-ზე მეტ შეკითხვას უპასუხა. ცალკეულ საკითხებსა და მიმართულებებზე პასუხები დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებისგან მოისმინეს.

    სხდომაზე, რომელიც 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა, კომიტეტებმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს საკითხის რიგგარეშე სესიაზე კენჭისყრაზე გატანას.