03 აგვისტო

                   

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (BAU) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

      კონფერენცია სახელწოდებით - „სასწრაფო სამედიცინო დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად“ - უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ გახსნა. მისი განცხადებით, იდეა, რომელმაც თურქი და ქართველი ექიმები გააერთიანა, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის თურქეთის წამყვანი კლინიკების გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

      აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ  ძალზე დადებითად შეაფასა ბოლო წლებში ქართველი და თურქი მედიკოსების თანამშრომლობა. მან მადლობა გადაუხადა თურქ ექიმებს ქართველი პაციენტებისთვის გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი კონფერენციები სამომავლოდაც გაგრძელდება.

      კონფერენციის მონაწილეებმა გულის სასწრაფო გადაუდებელი მდგომარეობების, კარდიოქირურგიული დახმარების,  ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ მოხსენებები  ცნობილი თურქი პროფესორებისგან - ისმეთ დინდარისგან (მიქელაძე), ერგუნ დემირსოუსგან, სადიკ ილდირიმისა და ქაან იალთირიქისგან მოისმინეს.

     კონფერენციას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ილია ვერძაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე), რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ექიმები, თურქეთის წამყვანი კლინიკების პროფესორები დაესწრნენ.

      კონფერენციის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებმა უცხოელ სტუმრებს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.