08 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ,  უმაღლესი საბჭოს წევრებმა პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმიკის (პარლამენტის) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს სეიმიკის თავმჯდომარის პაველ ვრობლევსკის მეთაურობით.

12-კაციანი დელეგაცია, ჩვენს რეგიონში საპასუხო, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც ცნობილია, ქვემო სილეზიის სეიმიკმა, ახლახანს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო - ქართველმა და პოლონელმა კანონმდებლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  თავის მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. დავით გაბაიძის შეფასებით, ქვემო სილეზიის სეიმიკმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით საერთაშორისო სამართალში უპრეცედენტო, ისტორიული მაგალითი შექმნა.

თავის მხრივ, საქართველოსადმი პოლონეთის დამოკიდებულებაზე ისაუბრა დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ ვრობლევსკიმ. მისი განცხადებით, სეიმიკმა რეზოლუციით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინსტუტუტს შეახსენა, რომ მსოფლიო ვალდებულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. პაველ ვრობლევსკიმ შეხვედრის მონაწილეებს რეზოლუციის ტექსტი გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ გზავნილი პოლონეთიდან საქართველოს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

შეხვედრაზე მხარეებმა, აგვისტოს ომის შეფასების პარალელურად, სამომავლო თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, გაცვალეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.