08 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმიკის დელეგაცია სეიმიკის თავმჯდომარის პაველ ვრობლევსკის მეთაურობით,  კინოთეატრ „აპოლოში“ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

 საქართველო-პოლონეთის ურთიერთობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენების მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში მეგობარი სახელმწიფოს თანადგომის შესახებ შეახსენა და პოლონელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

 ფილმის ჩვენების შემდეგ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს - კაროლ ფშივარას ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონებს შორის მჭიდრო თანაშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის „ ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭა.