08 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ პროექტის -  "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტყის ხელუხლებელი კორომების შენარჩუნება - II ფაზა" დასკვნით შეხვედრას დაესწრო.

პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სატყეო სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობითა და ლიხტენშტეინის მთავრობის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს, ამავე ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტყეებიდან (ტყის 9 ხელუხლებელი კორომი) შერჩეული 3 კორომის: წიფლნარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდთან, წიფლნარი ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებთან მერისი, ჭალათი და გუნდაური და სოჭისა და ნაძვის ტყე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებთან გოგაძეები და ტბეთი შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემოს“ გამგეობის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს 2017-2018 წლებში პროექტის მსვლელობისას იდენტიფიცირებული და განხორციელებული სათემო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.