10 აგვისტო

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრებთან - ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარესთან პაველ ვრობლევსკისთან და ამავე სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კაროლ ფშივარასთან.

          მხარეებმა ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმეს დღეებში პოლონეთის მიერ საქართველოსადმი გამოხატულ  უდიდეს თანადგომაზე ისაუბრეს.

      ქართველმა კანონმდებლებმა სტუმრებს  გულითადი მადლობა  გადაუხადეს ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი უპრეცედენტო რეზოლუციის მიღებისათვის, რომლის დამტკიცების ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

        აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რეგიონული თანამშრომლობის პარალელურად, სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი პროგრამების ფარგლებში დაწყებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

      ქვემო სილეზიის სეიმიკის 12- კაციანი დელეგაცია აჭარიდან სამშობლოში ხვალ გაემგზავრება.