29 აგვისტო

                 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, სასტუმრო „ჰილტონში“, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიწვევით,  მუსიკალური ფესტივალის - „BATUMI MUSICFEST-ის“ „Welcome კოქტეილს” დაესწრო.

       ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც თითქმის 10 დღეს გაგრძელდება, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს და წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

       ლადო მგალობლიშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ფესტივალის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „BATUMI MUSICFEST-ი“ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ სავიზიტო ბარათად იქცა და ამაში უდიდესი წვლილი იუნესკოს მშვიდობის არტისტსა და ბრწყინვალე ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს მიუძღვის.

      ფესტივალი ახალგაზრდა და საერთაშორისო მნიშვნელობის არტისტების ერთ პლატფორმაში გაერთიანებით და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების განათლების კომპონენტის თანხლებით  - ბათუმის უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო რესურსების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.