08 სექტემბერი

           აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრები  და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სახალხო დღესასწაულს - "კოლხობას" დაესწრნენ.

        „კოლხობა“ წელს 39-ედ აღინიშნა და ტრადიციულად, სოფელ სარფში, ზღვის სანაპიროზე ჩატარდა. სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა და პირველად „ქვაომხაზობის“ სახელით გაიმართა. 1979 წლიდან მოყოლებული მას „კოლხობა“ ეწოდება და მეფე აიეტისა და მედეას მითს უკავშირდება.

      აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს. დავით გაბაიძემ, ადგილობრივებთან ერთად, დღესასწაული თურქეთში მცხოვრებ ლაზებსა და ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც მიულოცა. გაიხსენა ცნობილი ლაზი ხელოვანების შემოქმედება  და  მათი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში.

       სანაპიროზე გაიმართა  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრისა ფოლკლორული ანსამბლებისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და  ნახატების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ლაზური კერძები.