29 ნოემბერი

29 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში არჩეული პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიარა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა შეარჩია და იგი მედიას საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.

-საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

კანდიდატურა შევარჩიეთ ამ კონსულტაციების საფუძველზე და იგი გადაეგზავნება მთავრობას შესათანხმებლად. ხოლო იმის შემდეგ, რაც მთავრობასთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმდება, ჩვენ მას დასამტკიცებლად გადავგზავნით უკვე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

წარმოგიდგენთ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას. ზურაბ პატარაძეს ვუცხადებ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც მხარდაჭერისა და ნდობისათვის მადლობა გადაუხადა მოსახლეობას.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის წარმატებაში დარწმუნებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

-ბატონი ზურაბ პატარაძე ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია და მას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. დარწმუნებული ვარ, მისი და უმაღლესი საბჭოს წარმატებული თანამშრომლობა სასიკეთოდ აისახება რეგიონის მოსახლეობაზე, რომლის ნდობის გამართლება ჩვენი უმთავრესი მიზანია, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, კომისიები და ფრაქციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავენ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებულ საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომისიებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, განიხილავს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებულ საკითხს და იღებს მოტივირებულ დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლეს საბჭოს. ბიუროს სხდომის მომდევნო სამუშაო დღეს უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა აუცილებელი.