18 სექტემბერი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 22-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

        საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში, ასევე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

       საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.

        ბიუროს გადაწყვეტილებით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ანგარიშები 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე განიხილება პლენარულ სხდომაზე. უახლოეს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები სამი კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ.

       სხდომის ბოლოს ბიუროს წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრეს.