24 სექტემბერი

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი, თბილისში, საქართველოს პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  პარლამენტების აპარატების უფროსების 2-დღიან სამუშაო შეხვედრას ესწრება.

        ღონისძიებაზე,  რომელშიც აჭარის საკანონმდებლო ორგანო პირველად მონაწილეობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.

  სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის აპარატის უფროსის მოადგილემ ულრიხ შოლერმა  გახსნეს და საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის საქმიანობაზე, სტრუქტურაზე, რეფორმებზე, საერთაშორისო მიმართულებით თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

        სამუშაო შეხვედრა თემატური სესიებით გაგრძელდება და მისი მონაწილეები პარლამენტის აპარატების საქმიანობას მიმოიხილავენ, იმსჯელებენ სამომავლო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე. ღონისძიება „თბილისის მემორანდუმის“ ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიით დაიხურება.

        ორდღიან სამუშაო შეხვედრაში  სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების აპარატების უფროსები მონაწილეობენ.