27 სექტემბერი

 

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
      უმაღლესი საბჭოს წევრი პენიტენციურ დაწესებულებაში 5  საათი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პატიმრები ამ ეტაპზე ყოფით პრობლემებს არ უჩივიან. რამდენიმემ მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებით  ისარგებლა. საუბარი შეეხო ყოველდღიურობაში წარმოქმნილ ახალ გამოწვევებსა და პრობლემებსაც, მათ შორის წერილების დაგვიანების, გასეირნების შეზღუდვისა და პატიმართა სხვა უფლებების რეალიზებას. 

    საკნებში მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთანაც.

    ეს დეპუტატის პატიმრებთან რიგით მე-10 შეხვედრა გახლდათ. ამჯერად მან 10 მსჯავრდებული მოინახულა.

    პენიტენციურ სისტემაში შესვლას და პატიმრების მონახულებას   აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მომავალშიც გააგრძელებს.