02 ოქტომბერი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 23-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“            აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე იმსჯელეს. საკითხი სხდომაზე პროექტის ავტორმა და ინიციატორმა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

     კანონის პროექტი, რომელიც ნორმატიულ დონეზე განათლების სფეროს ხელშეწყობას ითვალისწინებს, განსახილველად კომიტეტებში  ჩაეშვა. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

   უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

   საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში ცვლილებების პროექტებს, პირველი მოსმენით მიღებულია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, თუმცა მასზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. ამასთან, საკანონმდებლო ორგანო, რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, სწორედ ამიტომ შენიშვნების ნაწილის გაანალიზებისა და დამუშავების მიზნით, ბიურომ წამყვან კომიტეტს პროექტზე სამუშაო ვადა 20 ნოემბრამდე გაუხანგრძლივა.