09 ოქტომბერი

   საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლის კანდიდატის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ რიგით მესამე სხდომაზე, კონკურსში მონაწილე იმ კანდიდატთა დოკუმენტაცია გადაამოწმა, რომლებსაც ხარვეზი დაუდგინდათ.

   როგორც ცნობილია, 11 კანდიდატიდან 7-მა სრულყოფილად, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგინა  დოკუმენტაცია. რაც შეეხება დანარჩენ 4 კონკურსანტს, მათ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა 9 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით ჰქონდათ. მათგან კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები  მხოლოდ 3-მა წარმოადგინა. ამდენად, კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ეტაპზე 10 კონკურსანტი  გადავიდა.

   კონკურსის მეორე ეტაპი ანუ გასაუბრება 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში (დაბა ჩაქვი, ვ. მეგენეიშვილის ქ. N 25) დაიწყება.

    თითოეულ კონკურსანტს კონცეფციის წარდგენისათვის 15 წუთი განესაზღვრა. კომისიამ განსაზღვრა ბიულეტენების ფორმა და ფარული კენჭისყრის ადგილი.