11 ოქტომბერი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, წუთიერი დუმილით დაიწყო - უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს ახლახანს გარდაცვლილი ღვაწლმოსილი ექიმის - დურსუნ დიასამიძის ხსოვნას.

    დღის წესრიგის პირველი საკითხი - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტი სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანი რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზოგადი და უმაღლესი, სახელოვნებო, არაფორმალური, სკოლისგარეშე სასპორტო, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაა.

   კომიტეტმა, წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

   აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამები სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, სამინისტროს 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტი 894 130 ლარით იზრდება და 17 722 735 ლარი იქნება. მომავალ წელს უწყება, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას განახორციელებს.

    მომხსენებელმა მოისმინა სხდომის მონაწილეთა მოსაზრებები, წინადადებები, რეკომენდაციები ცალკეულ პროგრამასთან დაკავშირებით და უპასუხა მათ შეკითხვებს.

    სხდომაზე ასევე მოისმინეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ამავე უწყების ხელმძღვანელებმა - რუსუდან შავიშვილმა და თემურ კახიძე წარმოადგინეს.

    კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ინფორმაციები ცნობად მიიღეს.