01 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიას ამიერიდან აგრარული და გარემოს დაცვის კომისია ეწოდება. შესაბამისი ცვლილება საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 2015 წლის 14 მაისს შეიტანა და მისი ამოქმედების ვადად ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის დასაწყისი განისაზღვრა.

აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის პირველი დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ვახტანგ წულაძემ უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჭეიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ფარული კენჭისყრის შედეგებით, ის ამ თანამდებობაზე 4 ხმით აირჩიეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამავე კომისიის დებულების პროექტს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარადგინა.