01 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ განიხილეს.  დეპუტატებს საკითხი აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარუდგინა.

 საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ოქტომბერში, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიღებამ, ასევე 2018 წლის მაისში აჭარის კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა აჭარის მოქმედი კანონების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა წარმოშვა. აქედან გამომდინარეობს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტიც, რომელიც მთლიანად ანაცვლებს მოქმედ კანონს და განსაზღვრავს აჭარის მთავრობის საქმიანობის წესს. ცვლილებების თანახმად, მთავრობის 4 საქვეუწყებო დაწესებულება, ახალი წლიდან, დარგობრივი სამინისტროების დაქვემდებარებაში გადადის.

 კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით  მხარი დაუჭირა კანონპროექტის უახლოეს სხდომაზე გატანას.