02 დეკემბერი

2 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიედრიუს პუოჯუნასსა და ლიტვის საპატიო კონსულს თემურ უსტიაშვილს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიედრიუს პუოჯუნასმა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს წარმატებები უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ლიტვის მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, რომლებიც წლებია გრძელდება. საპატიო სტუმრის განცხადებით, ორ მეგობარ ქვეყანას შორის წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. გიედრიუს პუოჯუნასის განცხადებით, არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობაც, რათა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი ოფიციალური სტუმარი სწორედ მეგობარი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია.

-ლიტვა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, ასევე ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

საპატიო სტუმარმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს დავით გაბაიძემ გიედრიუს პუოჯუნასს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური მისიით 2015 წლიდან იმყოფება, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

განცხადებები