09 ნოემბერი

 "ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიება, რომელიც ქართულ ენას, მის დიალექტოლოგიურ მრავალფეროვნებას ეძღვნება. განსაკუთრებით ღირებულია კვლევები, რომლებიც საქართველოს საზღვრის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დიალექტს ეძღვნება" - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ 38-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის გახსნის ღონისძიებაზე.

 დავით გაბაიძემ სამეცნიერო სესიის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის, გულითადი მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

 თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფორუმი ოთხ სექციად ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტისა და უმაღლესი სასწავლებლების 50-ზე მეტი მეცნიერი დიალექტოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელებს.

 დიალექტოლოგიური სესია პირველად 1960 წელს გაიმართა, 1980 წლიდან კი ის ყოველწლიურად ტარდება.