13 ნოემბერი

 -მოსახლეობამ უნდა იცოდეს რას ვაკეთებთ და როგორ შეუძლიათ ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელთა განხორციელებასაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის ამავე კომიტეტის სხდომაზე განხილვისას.

 კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა, თუმცა მასთან ერთად, 2019 წლისთვის დაგეგმილ აქტივობებსა და პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა ჯემალ ნაკაშიძემ ისაუბრეს.

 ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვითი და სხვა პროგრამები, მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და აკუმულირებული თანხების მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებაზე გახარჯვა - მხოლოდ ნაწილია 2019 წელს გათვალისწინებული აქტივობების ჩამონათვალისა, რაზეც  ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა და მათმა მოადგილეებმა -  არჩილ ვანაძემ, მამუკა თურმანიძემ, რუსლან ქორიძემ და ვახტანგ ბაგრატიონმა ისაუბრეს. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი შენიშვნები და წინადადებები გააცნეს.

 მსჯელობის შემდეგ კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

 კომიტეტმა ცნობად მიიღო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი  2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.