14 ნოემბერი

 უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ამჯერად ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა.

 მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 12 მილიონი  ლარით, ძირითადად საშემოსავლო გადასახადის მატების ხარჯზე იზრდება, რაც სამუშაო ადგილებისა და  დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით იქნება განპირობებული. პროექტის თანახმად, იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება.

 მომავალი წლისთვის ბიუჯეტით დაგეგმილ  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე  ისაუბრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. მისი განცხადებით,  2019 წელს ამ მიმართულებით დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება  მილიონ სამასი ათასი ლარით იზრდება, რაც, საერთო ჯამში, 32 პროგრამისა და მათში შემავალი ქვეპროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, გაზრდილი ბიუჯეტი სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტისა და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

 მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებლების შეკითხვებს.  კომიტეტის წევრებმა ცალკეულ საკითხებზე განმარტებები მინისტრების მოადგილეებისგან - არჩილ ვანაძისა და ზურაბ თენიეშვილისგან მოისმინეს და საბოლოოდ, მხარი დაუჭირეს საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

 კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს  აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.