15 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დეპუტატებმა განცხადებებისთვის განკუთვნილი დროით ისარგებლეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, უმეტესად, მიმდინარე არჩევნებზე გაამახვილეს ყურადღება და მმართველი პარტია ამომრჩეველზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. საპასუხო განცხადებები გაკეთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდანაც, რის შემდეგაც კანონმდებლები პირველი საკითხის განხილვას შეუდგნენ.

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ პირველი მოსმენით წარმოადგინეს.

 აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის მიზანი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, წარმოქმნილი კოლიზიებისა და ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც განპირობებულია აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით.

 კანონპროექტი საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროების სისტემაში გადასვლასა და რიგ სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს. 11 თავისა და 44 მუხლისგან შემდგარი პროექტის თანახმად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო საარქივო სამმართველო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში გადადის.

 მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კანონის პროექტთან დაკავშირებით, მოკლე განმარტებები გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ:

 -უმთავრესი და მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოდგენილი ინიციატივით მოქმედი კანონი  შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან, ამიტომ კეთილი ვინებოთ და პატივი ვცეთ უზენაეს კანონს, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

 კანონის პროექტს პირველი მოსმენით, დარბაზში მყოფი 18 დეპუტატიდან 13-მა  დაუჭირა მხარი.

 კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის ანგარიში  2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.