26 ნოემბერი

   -წარმატება ადვილად არ მიიღწევა, ის კომფორტს მიღმა შრომის შედეგია. გისურვებთ არ შეამციროთ თქვენი ძალისხმევა წარმატების მისაღწევად, ვინაიდან სწორედ თქვენნაირმა ახალგაზრდებმა უნდა შექმნან ახალი საქართველო და მისი წარმატებული მომავალი, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „რედისონში“ რეგიონის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოებისას.

   საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, სტუდენტებს რეგიონის დარგობრივი სამინისტროს პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის განცხადებით, სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ამჯერად 71 სტუდენტი შეირჩა, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ან მეტი ქულაა დამრგვალების გარეშე. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 982 152 ლარია. აქედან 972 152 ლარი განკუთვნილია 887 სტუდენტის დაფინანსებისთვის, 10 000 ლარი კი ქვეპროგრამის მხარდაჭერისათვის.

    ქვეპროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 454 სტუდენტი დაფინანსდა, მათაგან 296-ს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურიც დაუფინანსდება.

    ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, სტუდენტთა დახმარების პროგრამამ, სოციალური დატვირთვის პარალელურად, ხარისხზე ორიენტირებული პროგრამის სტატუსიც შეიძინა, რაც სახელმწიფოს მხრიდან თითოეული სტუდენტის შრომის დაფასებას ნიშნავს.

   წარჩინებული სტუდენტებს ქვეპროგრამის ფარგლებში საჩუქრად მეხსიერების ბარათები, ყურსასმენები და ენერგობანკები გადაეცათ.