26 ნოემბერი

  ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საზოგადოების წინაშე ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

  წარდგინებას, რომელიც ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს წინ, ღია ცისქვეშ გაიმართა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები  - ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, ხვიჩა შარაშიძე, ნინო ჩხეტია, გიორგი მანველიძე, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად  დაესწრნენ.

  ქალაქის მერმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ბათუმის 2018-2021 წლების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის, მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება დაასახელა, ისაუბრა მერიის განახლებულ სტრუქტურასა და ორგანიზაციულ მოწყობაზე, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების, ქალაქგეგმარების, განაშენიანების, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. წარდგინებაზე ერთწლიანი მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა.