07 იანვარი

 შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ამჯერადაც ტრადიციული ალილოთი გაგრძელდა.  ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაწყებულ საზეიმო მსვლელობას  აჭარის უმაღლესი  საბჭოს წევრები და აპარატის  თანამშრომლები დასაწყისშივე შეუერთდნენ.   

 შობის  მახარობლებმა  მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს.   

 მეალილოეებს საშობაო ნობათითა და ტკბილეულით  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის თვითმმართველობის, ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

  საშობაო ალილოს ტრადიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა, აჭარაში ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და წელს მე-13-ედ აღინიშნა.

  მსვლელობისას შეგროვებული  ტკბილეული და   საჩუქრები, ტრადიციულად,    ხელმოკლე  ოჯახებს  და უპოვარებს გადაეცათ.