16 იანვარი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა სასტუმრო „რედისონში“გაიმართა.

  ღონისძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან მაისურაძემ გახსნეს.

  მერაბ კარანაძემ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა USAID-ისა და IFES-ის წარმომადგენლებსა და  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს განხორციელებული სამუშაოებისთვის.  

   ნინო ჩხეტიას განცხადებით, სამოქმედო გეგმის პროექტზე, მის საჯარო განხილვამდე, კანონმდებლებმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ მხარდაჭერილ სამუშაო შეხვედრაზე დარგის ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს. დოკუმენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაგრძელება - განვითარებას, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების თანასწორი რეალიზების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

   აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები -  ცოტნე ანანიძე, პეტრე ზამბახიძე, დავით თედორაძე, ვახტანგ წულაძე, აპარატის ხელმძღვანელი მაია ხაჯიშვილი, აპარატის თანამშრომლები, გენდერის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

  პროექტის წარდგენის შემდეგ, სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით  დისკუსია გაიმართა.